პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოში საქმიანობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საარჩევნო პროცესებში ერეოდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის სკანდალური ფაილების გამოქვეყნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი იყენებდა USAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში, ავრცელებდა საარჩევნო აგიტაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
პაპუაშვილის განცხადებით, ჰერჩინკის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ელჩად იყო მივლენილი, შეეცადა ხელისუფლების შეცვლას არჩევნებში ჩარევით.
"უდიდესი სირცხვილი ევროკავშირის და პირადად ევროკავშირის ელჩის შავი ლაქაა, რომ დასტურდება, რომ ის იყენებდა USAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით, ევროკავშირის ელჩი ავრცელებდა საარჩევნო აგიტაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ მშვიდობის პროექტად შექმნილი ევროკავშირი დღეს გახდა საქართველოში არეულობის, დაპირისპირების და ძალადობის წამქეზებელი და ეს უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქაა პირადად პაველ ჰერჩინსკისთვის, რომელიც, როგორც ელჩის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩება, რომ ქვეყანაში, სადაც ელჩად იყო მივლენილი, ის შეეცადა ხელისუფლების შეცვლას არჩევნებში ჩარევით.
და ბოლოს, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველა ძალადობა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა. ვინაიდან, არჩევნებში დამარცხებულმა ამ უცხოურმა ძალებმა შემდეგ უკვე ძალადობრივ გზას მიმართეს და ყველა ეს ძალადობა, რაც შემდეგ მოხდა, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ. სწორედ ამიტომ იყო, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავდა ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ამით ნარატივს ავრცელებდნენ, თითქოს ზურაბიშვილი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი და ლეგიტიმური პრეზიდენტი. სწორედ ამან მიგვიყვანა ხელისუფლების დამხობის კამპანიაზე, რომელიც "ნაცმოძრაობამ" აწარმოა და რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის განცხადების სახით, სწორედ ამან მიგვიყვანა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, როდესაც შეიჭრნენ პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე და რომელზეც დღემდე, ევროკავშირის ელჩი უარს ამბობს, რომ დაგმოს ეს ძალადობა.
ეს არის ერთი დიდი ქსელი. ჩვენ ამ სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, ჩვენ თავს ვეღარ მოვიტყუებთ, რომ აქ კეთილი განზრახვებით აქვს ვიღაცას ჩვენთან დამოკიდებულება. ეს იყო 2024 წელი, ეს არის სამარცხვინო ლაქა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ის შეეცადა საქართველოს არევას, ხელისუფლების შეცვლას მისი ელჩის და სხვა საინფორმაციო ქსელის გამოყენებით, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იყო შექმნილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.