ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს.
პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადოს, მონტენეგროა.
ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მეორეხარისხოვანი წევრობა უსამართლოა. მაიდა გორჩევიჩის თქმით, ქვეყანა იმსახურებს, იყოს ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რადგან, ბოლო 14 წელია, მონტენეგრო ისედაც გამოსაცდელ პერიოდშია.
"ჩვენ არ გვინდა მეორეხარისხოვანი წევრობა ევროკავშირის ფარგლებში, რადგან ეს არც სამართლიანი იქნებოდა და არც სრულუფლებიან წევრობას ნიშნავს. ეს არის ჩვენი ხედვა. უკვე არსებობს მექანიზმები, თუ როგორ დავიცვათ ევროკავშირი შიგნიდან და როგორ აგვარებენ წევრი სახელმწიფოები პრობლემებს. ბოლო 14 წლის განმავლობაში ისედაც გამოსაცდელ პერიოდში ვიმყოფებით", - აცხადებს მაიდა გორჩევიჩი.