თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა.
პროცესს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც ესწრებოდა. მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
ეკა კუპატაძის თქმით, პროკურორის დასკვნით სიტყვაში ყველაფერი იმდენად კარგად იყო გადმოცემული, რომ სასჯელის მაქსიმალურ ზომას ელოდება.
"დღეს მოვისმინეთ პროკურორის დასკვნითი სიტყვა და ისე კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული დასკვნით სიტყვაში, ჩემი ღრმა რწმენით, მოსამართლეს საფუძველი ექნება გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტით დაასაბუთოს კარგად წარმოდგენილი მტკიცებულებებით და კარგად გაშინაარსებული მიმოწერებითაც გიორგი მალანიას ბრალი ამ დანაშაულში. სასჯელის ზომას მაქსიმუმს ველოდები," - აღნიშნა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ბრალდების მხარემ მიმოიხილა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მალანიას დანაშაულში ამხელს და გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად. ასევე, გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია და სასამართლოს უმკაცრესი, მაქსიმალური სასჯელის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა.
"სასამართლოს სხდომაზე გიორგი მალანიას ბრალდების საქმეზე, ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ დასკვნითი სიტყვა. აღნიშნული დასკვნითი სიტყვის ეტაპზე მიმოვიხილეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად და რომელიც დანაშაულში ამხელს გიორგი მალანიას.
გარდა ამისა, ბუნებრივია გავითვალისწინეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია და მოვითხოვეთ უმკაცრესი მაქსიმალური სასჯელი გიორგი მალანიას მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამო," - განაცხადა პროკურორმა, ქეთი სონიძემ.