ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 150-მდე პირს სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებენ. შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მდგრადობაზე კორპუსის შემოწმება დაასრულა. შეფასების მიხედვით, მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური.
დროებით საცხოვრებელში გადაყვანილებს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს. საუბარია დაახლოებით 28 ოჯახზე.
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაზარებული ოჯახების დაბინავების პროცედურა.
"ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს, რომ უცებ დაგვაბინავეს და ქუჩაში არ აღმოვჩნდით, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ახლობლები და ისინიც გვიშვებდნენ, მაგრამ არ ვიცით რამდენი ხანი გავჩერდებით სხვის ოჯახში. ამიტომ ვარჩიეთ, რომ ვყოფილიყავით სასტუმროებში," -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ირმა კუტუბიძე.
კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
"ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული იქნა თავშესაფრით, ასე ვთქვათ, სასტუმროთი. ბოლო სადარბაზოში იყო აღნიშნული აფეთქება და ჩვენ გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ახლა ბინაში არ გვიშვებენ, აქედან გამომდინარე, თვითონ შესაბამისმა უწყებამ მოგვმართა, რომ აღნიშნული ფართით დავკმაყოლიბულიყავით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მაკა პაპუაშვილმა.
ქვემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსის ბოლო სართულზე აფეთქება დილის 9 საათისკენ მოხდა. ადგილობრივები იხსენებენ რომ ბინაში სადაც სავარაუდოდ გაზმა გაჟონა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ცხოვრობს, რომელმაც საავადმყოფოში გადაყვანამდე თქვა, რომ ღამით გაზქურის ანთებას ცდილობდა, ვერ შეძლო, სავარაუდოდ ონკანი ღია დარჩა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა.