19 ნოემბერი 2026,   15:19
ვრცლად
"ყურადღებას გავამახვილებთ საქმის იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რომელიც გიორგი მალანიას ბრალდების საფუძველი გახდა" - პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

პროცესს გიგა ავალიანის დედა ესწრება. ეკა კუპატაძის განცხადებით, თავდასხმა მხოლოდ პირველ ოქტომბერს იყო შესაძლებელი, რაც ალექსანდრე გაბაშვილმა სწორედ გიორგი მალანიას აქტიური დახმარებით განახორციელა.

"გიგა ავალიანზე თავდასხმა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ პირველ ოქტომბერს და სწორედ გიორგი მალანიას აქტიური დახმარებით უზრუნველყო ეს ყველაფერი ალექსანდრე გაბაშვილმა. ოდნავ წუხილიც კი არ გამოუთქვამს უდანაშაულო, ჯანსაღი ადამიანის გარდაცვალების გამო, მკვლელობას რომ თავი დავანებოთ, მით უფრო, რომ ყველამ ვიცით, წუხილის გამოთქმა ბრალის დამტკიცებას არ ნიშნავდა," - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

პროკურორ ქეთი სონიძის თქმით კი, ბრალდების მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად.

"ყურადღებას გავამახვილებთ საქმის იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რომელიც გიორგი მალანიას ბრალდების საფუძველი გახდა და, რომელიც საფუძვლად დაედება სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს. აქ საუბარია ისეთ მტკიცებულებებზე, როგორიც არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის მიმოწერები, მათ შორის ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არსებული მიმოწერები. აქ გამოკვლეული იქნება, ასევე, გიორგი მალანიას უდავო ცნობილი ჩვენებები, ნია იმნაძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ასევე უდავოდ არის მიჩნეული დაცვის მხარის მიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება რეალურად ჩაიდინა გიორგი მალანიამ," - განაცხადა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

დღის ამბები