საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულზე ისაუბრა.
ადამიანის უფლებათა სისტემური და სისტემატური დარღვევის შესახებ საუბრისას, მან სერგო თეთრაძის, როინ შავაძისა და აკაკი ოჩიგავას საქმეების მაგალითები მოიყვანა და ამ საქმეებში მსჯავრდებული პირები ჩამოთვალა, რომელთა შორის, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია ფიგურირებენ.
„სერგო თეთრაძის საქმეზე, სხვადასხვა განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი: ბაჩანა (ბაჩო) ახალაია - ამ შემთხვევაში ლაპარაკია ერთ შემთხვევაში ის იკავებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას და სწორედ ამ ეპიზოდს მიემართება. მსჯავრი დაედო სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისთვის, აგრეთვე, დავით ლონდარიძის წამებისა და სხვა სამოხელეო და ფინანსური დანაშაულების ეპიზოდებში.
მეგის ქარდავა - სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი დაკავებულთა წამების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში. ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ალექსანდრე მუხაძე - №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი. დამნაშავედ იქნა ცნობილი წამებისა და სექსუალური ძალადობის ორგანიზების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში. ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ოლეგ ფაცაცია - ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი. იმავე დანაშაულების - წამებისა და სექსუალური ძალადობის ორგანიზებისა და უფლებამოსილების გადამეტების - გამო ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
როინ შავაძის საქმე - ამ შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პასუხისმგებლობა შემდეგნაირად განაწილდა: თეიმურაზ პატარიძე — კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. დამნაშავედ იქნა ცნობილი შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის.
ალი ბალაძე - იმავე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს აკაკი ოჩიგავას საქმე - შეგახსენებთ, ეს ის საქმეა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა იმაზე, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამებას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. აქ სხვადასხვა ეპიზოდია და მოკლედ ჩამოვთვლი: 2011 წლის ივნისში, ციხეში მიღებისას, ე.წ. „კარანტინის პროცედურის“ დროს, ხელკეტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც დაკარგა კბილები და დაუმტვრიეს ნეკნები. მომდევნო ეპიზოდია 2011 წლის აგვისტო: ციხის თანამშრომელთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო სცემეს. იმავე წლის სექტემბერში საკანში ხმამაღალი საუბრის გამო. 2018 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმართა სისტემატური ძალადობის საქმეზე, რომელშიც ოჩიგავაც დაზარალებული იყო, შვიდი პირი გაასამართლა, მათ შორის იყო ერთ-ერთი ოლეგ ფაცაცია, რომელიც წეღანაც ვახსენეთ სხვა საქმეზე და სხვა რამდენიმე პირი სასჯელაღსრულების სისტემიდან.“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.