19 ნოემბერი 2026,   14:23
ვრცლად
ComCom-ის თავმჯდომარემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კონფერენციის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები შეაჯამა და მობილური აბონენტების, მობილური ინტერნეტის მომსახურებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

"კომუნიკაციების კომისიის ყველა პროექტი მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათთვის ხელმისაწვდომი პირობების შექმნის კუთხით." - განაცხადა გოგა გულორდავამ.

სიტყვით გამოსვლისას თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის განვითარებასა და მობილური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგზე. ამას გარდა, გულორდავამ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" შედეგებზეც ისაუბრა. მან ასევე ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის წინასწარი შედეგები და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა.

კომისიის თავმჯდომარე მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებს, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო და საზოგადოების ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით არსებული შედეგები შეაჯამა და მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

დღის ამბები