09 ნოემბერი 2026,   14:27
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი სარჩელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, აგენტურულ ოპოზიციას კი არ აქვს არგუმენტები, რომელსაც ჩვენს სარჩელს დაუპირისპირებდნენ

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენიათ. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აღნიშნავს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინოს, თუ რა არგუმენტების წარდგენა შეუძლია "აგენტურულ ოპოზიციას".

"სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ისინი შეფასებულები არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, 10 არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს არის ჩვენი სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის გამყარებული საკმარისად, ფაქტები, მტკიცებულებები და მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა უკვე ჩვენ საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას და მე ვფიქრობ, რომ მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლია დაუპირისპირონ ჩვენ სარჩელს", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

"ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

დღის ამბები