04 ნოემბერი 2026,   15:56
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბრის და სხვა ძალადობრივი მონაწილეობის უდიდესმა ნაწილმა აღიარა დანაშაული. ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რაიმე ბრიფინგი. ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე თავისუფლები არიან. მათ ციხე დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი. დანაშაულის აღიარებას მიესალმებიან მმართველ გუნდში, სადაც ჰუმანურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრისა და სხვა ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირთა დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა, რითაც სასამართლო პროცესებზე ძალადობრივი მოვლენების ფაქტი დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულები უცხოური მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყვნენ, რადგან, მისი შეფასებით, აქციების ორგანიზატორებმა ისინი მიატოვეს და თავად საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს საპატიმრო. 

"4 ოქტომბრის და სხვა ძალადობრივი მონაწილეობის უდიდესმა ნაწილმა აღიარა დანაშაული. ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რაიმე ბრიფინგი. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, იყო თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია, განაჩენები დამდგარი არის.

ახლა, მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, აქვთ შესაძლებლობა, რომ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა?! ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება და ისინი, რომლებსაც მამაკაცურ ძალას რომ მოუწოდებდნენ და წაიყვანეს ბარიკადებზე, გადაანგრევინეს ღობე და ლამის სისხლის ზღვა მოაწყვეს თბილისის ცენტრში, დღეს ახლა მშვიდად, ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია და ასე მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა პოლიტიკა, მათი საქმე არ ყოფილაო, ასე განაცხადეს.

თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება არევას ქვეყნის? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ ან პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, რომ არ ვიცი მე ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, რომ აღარ მინდა პოლიტიკა და შემთხვევით აღმოვჩნდი პოლიტიკაში, მოვინანიე და გავედი და ასე შემდეგ, ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის საქართველოშიც ეს არაერთხელ განგვიცდია.

ეს არის კიდევ ერთი დასტური ამის და მე უბრალოდ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მათ ისევ მათი ქვეყანა მიხედავს. ნუ იქნებიან უცხო ქვეყნების იმედად, რომლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის და მიატოვეს ციხეში", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები