04 ნოემბერი 2026,   21:56
ვრცლად
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვან ცინგჩაოს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის მიერ შანხაი-თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.

ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი.

შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.

დღის ამბები