საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში - შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერების შეხვედრაც, რის შემდეგაც მოლაპარაკება მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.
შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და ის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცა ამ შეხვედრამ საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის განვითარებას.
"იყო მნიშვნელოვანი გზავნილები გაცვლილი შეხვედრის დროს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების თვალსაზრისით, ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის განვითარება, კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ის ორმხრივი ინტერესი, რაც გააჩნია როგორც საქართველოს, ასევე ყირგიზეთს. შენობაში ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცა ამ ვიზიტმა საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის. შუა აზია, კონკრეტულად ყირგიზეთი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.