04 ნოემბერი 2026,   23:04
ვრცლად
სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ- მინისტრის მიერ, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას და ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მთავრობის მეთაურმა საქართველოსთან მიმართებით უსამართლო მიდგომებზე და პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა დომინირებს.

მან ასევე შეაფასა პრემიერის ინტერვიუ და აღნიშნა, რომ გადაცემის წამყვანის ქცევა იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, სად არის პრობლემა.  

"ჩვენ ეს არა ერთხელ განგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არ დიალოგის გზა, რაც რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, უფრო კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის დაბრუნება ასი წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც, პრინციპში, იმედგამაცრუებელი არის ევროკავშირის მხრიდან. 

მეორეს მხრივ, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო გვეხილა ის წამყვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია ზუსტად აი ამ ინტერვიუს დროს, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე და ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას, და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის და ნებისმიერ საკითხთან საგნობრივად დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაში, რომ ის არის მართალი.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში, ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის არ უსმენს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები