საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ქვეყნის მასშტაბით, ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სასწავლო შენობების განახლებას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასა და უნივერსიტეტებში ადგილების დამატებას ითხოვენ.
ხვალ დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვამდე დღეს პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებიც იმართება. გრძელდება დაკავებები.
გამოძიება მიმდინარეობს ჟანდარმების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტებზეც. პროკურატურამ მომხდარ დანაშაულებს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
"1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ძალადობა, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხდებიან. როდესაც თავდასხმები პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს ჟერალდ დარმანენი.
შეფასება გააკეთა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა.
"ვერ მოხერხდა საზოგადოებრივი შენობებისა და კომერციული ობიექტების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, პარალელურად კი შიდა უსაფრთხოების ძალები უპრეცედენტო ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაწილეების რაოდენობა კი არა, არამედ გამოვლენილი ძალადობის ინტენსივობა იყო", - ამბობს ლორან ნუნესი.