05 ნოემბერი 2026,   11:28
ვრცლად
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისის "2026 წლის გაფართოების პაკეტთან" დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე, ბრიუსელს კი საქართველოს მიმართ ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოზე თავდასასხმელად კიდევ ერთხელ გამოიყენა.

"საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშანდელ ანგარიშში იყო. ვერც ჩაიწერებოდა სხვა, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ გამოცხადებული აქვს ბოიკოტი და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე. ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ეს დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. 

რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ ყურადღებას:

ვიცი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, მეც მაინტერესებს, აქვს მას კიდევ დრო და შეუძლია კიდევაც მიპასუხოს - დღეს არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან.

დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობა, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას.

კიდევ ერთხელ რომ მივხვდეთ თუ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - ადამიანები, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილებით" თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით დღეს უკვე, რომ ასეთ ადამიანებს ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ იმ ადამიანის, რომელმაც სცადეს მკვლელობა. 

საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს მათ გათავისუფლებას, რომლებიც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ.  

რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს ბრიფინგიდან, აგვიხსნას 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის.

ამიტომ, გვაინტერესებს დღეს კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები