04 ნოემბერი 2026,   15:05
ვრცლად
"საქართველოს მელიორაცია" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს "საქართველოს მელიორაციაში" პრაქტიკული გამოცდილების მიღების, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს. აღნიშნული მიმართულებები უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ნაწილია.

ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებასა და სამელიორაციო სექტორის სპეციფიკის გაცნობაში დაეხმარება, კომპანიას კი კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

მემორანდუმით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

"საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სტუდენტებს გააცნო მელიორაციის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სექტორში დანერგილი სიახლეები და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა.

"კომპანიის განვითარებასა და წარმატებას პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე კადრები განსაზღვრავენ. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიღონ ინფორმაცია სექტორის საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ფაკულტეტის დეკანმა უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმისა და მსგავსი შეხვედრების როლზე ისაუბრა.

სტუდენტების შეფასებით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მათ ეხმარება უკეთ გაეცნონ პროფესიულ შესაძლებლობებს და სამომავლო დასაქმების პერსპექტივები განსაზღვრონ.

"საქართველოს მელიორაციის" წარმომადგენლებმა, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლაბორატორიები და მუზეუმი დაათვალიერეს, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტში კი შახტა-ლაბორატორიებს გაეცნენ.

დღის ამბები