"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დედის განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.
მმართველი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის არაერთ დადასტურებულ დანაშაულს და კორუფციულ ფაქტებს ახსენებს, მათ შორის, საუბრობენ თავად გიული ალასანიასთვის უნივერსიტეტის ერთ ლარად გადაცემის საქმეზე.
"როდესაც გიული ალასანია თავის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომ ის კორუფციას ვერ იტანდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დედას, ანუ გიული ალასანიას, ლარად გადასცა უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?! საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი და, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ცხრა წლის განმავლობაში რომ ელიტური კორუფცია, ზოგადად, კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში, ეს იყო გამოძახილი ზუსტად 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგების, როგორც დადგა ჩვენს ქვეყანაში. გავუშვით პოლიტიკურ სანაგვეზე "ნაციონალური მოძრაობა." ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, რომ კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში. მაშინ, რა სასაცილოა ახლა გიული ალასანიას კომენტარი, რასაც თავის შვილზე საუბრობს.
ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მაღალი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის. "მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს", - აცხადებს გიული ალასანია.