ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ი ახალ უფლებამოსილებებს მიიღებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მიგრანტები ევროკავშირის არაწევრი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დააბრუნოს. ამით ევროპული მიგრაციული პოლიტიკის მოქმედების არეალი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ Euronews-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ექსკლუზიურად წერს.
მედიის ინფორმაციით, რეფორმები, რომლებსაც ევროკომისია სამშაბათს წარადგენს, Frontex-ს ევროკავშირის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოქმედების უფრო ფართო უფლებამოსილებებს მიანიჭებს. მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ამჟამად, Frontex-ის თანამშრომლებს შეუძლიათ დაეხმარონ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ევროკავშირის ქვეყნებიდან არარეგულარული მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაში. მათ ასევე შეუძლიათ ევროკავშირის გარე საზღვრებისა და სანაპირო ზოლების პატრულირება.
ახალი წესების თანახმად, ვარშავაში მდებარე ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ი უფლებამოსილი იქნება, დახმარება გაუწიოს მესამე ქვეყნების ხელისუფლებებს, მაგალითად: ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოების ხელისუფლებებს, ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში, მანამ, სანამ ისინი ევროპის სანაპიროებამდე ჩასვლას შეეცდებიან.
"რაც უფრო მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ევროპაში ჩამოსვლამდე, მით უფრო ნაკლების დაბრუნება მოგვიწევს მათი ევროპაში ჩასვლის შემდეგ", - განუცხადა "ევრონიუსს" ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
Frontex-ის წარმომადგენლებს ასევე ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მიგრანტების დეპორტაციის პროცესში ე.წ. დაბრუნების ცენტრებიდან (Return Hubs). ევროკავშირის მიერ ახლახან დამტკიცებული კანონი წევრ ქვეყნებს მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე ასეთი ცენტრების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად ევროკავშირის ხუთი ქვეყანა პირველი ასეთი ცენტრის შექმნაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია, რომ ცენტრი ფუნქციონირებას 2027 წელს დაიწყებს.
მიგრანტები, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვათ ან ევროკავშირში დარჩენის უფლება არ მიენიჭათ და, რომლებიც ამ ცენტრებში იქნებიან განთავსებული, საბოლოოდ სამშობლოში უნდა დააბრუნონ. ამ პროცესის ბოლო ეტაპზე, კერძოდ, მიგრანტების დანიშნულების ადგილამდე გადაყვანისას, Frontex-ის მონაწილეობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
"სააგენტოს როლი უკვე აღარ შემოიფარგლება ევროკავშირის ქვეყნებისთვის საზღვრების დაცვაში დახმარებით. [...] ის სულ უფრო მეტად იქცევა დეპორტაციის სააგენტოდ, რომელიც ევროკავშირის რეალური საზღვრებიდან საკმაოდ შორს მოქმედებს", - განაცხადა ამსტერდამში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის, Transnational Institute-ის მკვლევარმა ჟოზეფინ სოლანკიმ რეფორმის წარდგენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
რამდენიმე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მოითხოვს, რომ Frontex-ის უფლებამოსილების გაფართოებას თან ახლდეს ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მკაცრი მექანიზმები, რათა დაცული იყოს მიგრანტების ფუნდამენტური უფლებები. მათი განცხადებით, სააგენტო უკვე ფიგურირებდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში, რომლებიც მათ მიერ ევროპაში განხორციელებული ოპერაციების დროს გამოვლინდა.