ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას ერთ-ერთ კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მათგან ორ ავტომანქანას შეიძენდა და შეთანხმებულ საფასურს გადაუხდიდა, რის საფუძველზეც ბრალდებულს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გადაეცა ორივე ავტომანქანა. ბრალდებულმა ავტომანქანები რეალიზაციის მიზნით საქართველოში ჩამოიყვანა, ხოლო შეთანხმებული საფასური დაზარალებულებს არ გადაუხადა, რითაც მათ დიდი ოდენობით, 30 000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.