11 ოქტომბერი 2026,   23:12
ვრცლად
როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა არ გაწყობს, პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი - გურამ მაჭარაშვილი

რატომ არ გმობს ევრობიუროკრატია საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ძალოვნების სისასტიკეს? - თემასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ევროპული სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების მხრიდან საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების არარსებობა ორმაგი სტანდარტის მკაფიო გამოვლინებაა.

"არც ევრობიუროკრატს, მაღალი თანამდებობის პირს თუ დაბალი თანამდებობის პირს, მათ შორის არც საქართველოში, არავის არ შეუმჩნევია ეს, რომ პოლიციელებმა იქ თავყბა დაამტვრიეს აქციის მონაწილეებს. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტები, როგორც გონია ახლა საზოგადოებას, რომ ვერ იქნება დანახული ქართული საზოგადოების მხრიდან და, ასევე, ფრანგული საზოგადოების მხრიდან და ევროპული საზოგადოების მხრიდან?! - ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს, როდესაც შენ გაწყობს, მაშინ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა და როცა შენ არ გაწყობს, მაშინ პირიქით, პოლიციელების თავდასხმა შეიძლება აქციის მონაწილეებზე. აი, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაც არის ყოველთვის მიუღებელი," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - საქართველოს ხელისუფლების შეკითხვის მთავარი ადრესატი ის ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.

ამ თემაზე კითხვა ჟურნალისტებმა პაველ ჰერჩინსკისაც დაუსვეს, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

ბრიუსელის დუმილი თბილისისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ. მეტიც - საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრიუსელი ახალისებდა ძალადობრივ აქციებს დედაქალაქის ცენტრში.

დღის ამბები