11 ოქტომბერი 2026,   01:08
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები Amnesty International-ის წინააღმდეგ - საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა

"ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ამნესტი ინთერნეიშენალს" გულისხმობს. ასევე განცხადებებს, რომლებსაც ეს ორგანიზაცია პერიოდულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ავრცელებდა. პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებებით, ორგანიზაცია საკუთარ რეპუტაციას აზიანებს.

თაღლითური ორგანიზაცია უწოდა "ამნესთი ინთერნეიშენალს" მარკო რუბიომ. პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ "ამნესთი ინთერნეიშენალმა" უმჯობესია ყურადღება ირანის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გაამახვილოს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკა მოულოდნელი არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის აღმოჩნდა. შალვა პაპუაშვილმა მარკო რუბიოს მიერ, ლისაბონში გაკეთებული განცხადება, სოციალურ ქსელში გააზიარა და აღნიშნა, რომ "ამნესთი ინთერნეიშენალის" თაღლითობა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როცა ორგანიზაცია სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო და სამედიცინო მიზნებით მისი გათავისუფლება მოითხოვა.

განცხადება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, "ამნესთი ინთერნეშენალმა" 2023 წლის 2 მარტს გაავრცელა. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ დაადგინა, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ამ თემაზე დეტალურად საუბარს ერიდებიან.

"ამნესთი ინთერნეიშენალის" მოთხოვნები კარგად ახსოვთ სახელისუფლებო გუნდში. სადაც განმარტავენ, რომ ორგანიზაციის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ახლანდელი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო აბსურდულად ჩანს.

სახელისუფლებო გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოსთან მიმართებაში სამართლიანი და არგუმენტირებული მიდგომების დამკვიდრებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები