კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა ნათია კუკულაძემ "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სესია გამართა თემაზე - "მედიაწიგნიერების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში".
სესიის ფარგლებში ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში მის პრაქტიკულ გამოყენებასა და თანამედროვე საინფორმაციო გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის სანდოობის შეფასების, დეზინფორმაციის ამოცნობისა და ონლაინ სირვცის პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
"სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გორში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. პროგრამა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას, სახელმწიფო პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენლებს, მათ შორის ახალგაზრდებსა და ქალებს, ცოდნის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს.