აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიასაშუალებებს, "ყალბი ნიუსების" გავრცელებაში ადანაშაულებს, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მან მტერს სან-დიეგოსა და ლოს-ანჯელესის დაბომბვისკენ მოუწოდა.
ტრამპის თქმით, მან მხოლოდ ბენზინის ფასის მცირედით გაძვირება შეადარა ირანული ბირთვული საფრთხის შესაძლო მძიმე შედეგებს:
"ყალბი და ხელოვნურად შექმნილი ახალი ამბების გამავრცელებლები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მტერს სან-დიეგოსა და ლოს-ანჯელესის დაბომბვისკენ მოვუწოდებ. სინამდვილეში კი ვამბობდი იმას, რომ ბენზინის ფასის დროებითი მატება მცირე ფასია იმასთან შედარებით, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ხოლო თუ ნამდვილად დიდ საფასურზე გსურთ საუბარი - წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მათ სან-დიეგო და/ან ლოს-ანჯელესი რომ დაებომბათ?
მე უბრალოდ შევადარე ბენზინში მოკლე ვადით ცოტათი მეტის გადახდა ჩვენი უდიდესი ქალაქების დაბომბვას. ეს ყველამ იცოდა, მათ შორის ყალბმა მედიამაც, თუმცა მაინც განაგრძობენ იმის მტკიცებას, თითქოს მტერს იმ ორი ქალაქის დაბომბვა ვთხოვე, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს.
ჩემი ნათქვამი სრულიად ნათელია, თუმცა ეს ხალხი დეგენერატია და ჰგონიათ, რომ ყალბი ნიუსების გავრცელება ყოველთვის შერჩებათ!" - წერს დონალდ ტრამპი.