"ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ნაძალადევის რაიონში სასტუმროების მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება. 21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - "არქი გრანდ ავენიუ" 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, ურბანულ ამფითეატრს, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი.
კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც რომელიც "არქი გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. საქართველოს დედაქალაქში "ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ეს არის სიგნალი რომ ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ხდება, ჩნდება ასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.
ნაძალადევის რაიონში სასტუმრო "ჰილტონის“ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, სადაც პროექტის მნიშვნელობაზე სამშენებლო კომპანია "არქის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ ისაუბრა:
"მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ქალაქის მერს, პარლამენტის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და რაც მთავარია და განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს "არქელებს", რომლებიც ასეთი პროექტების განხორციელებაში მთავარ როლს თამაშობენ და დღესაც მრავლად არიან აქ. დღეს ვაკეთებთ ძალიან მაგარ პრეზენტაციას, ეს არის "არქი გრანდ ავენიუს" მეორე ეტაპის პრეზენტაცია. აქ განთავსდება დაახლოებით თხუთმეტი ჰექტარი ტერიტორიის პარკი. ეს რომ წარმოიდგინოთ, მზიურის პარკზე დიდი პარკია. ასევე ამ ფანტასტიურ შენობაში, რომელიც თითოეულ თქვენგანს და თითოეულ ჩვენგანს აღაფრთოვანებს, გაკეთდება ძალიან მაგარი გასართობი სივრცეები, საერთო სამუშაო სივრცეები, გასტრო-ჰაბი, რესტორნები, კაფეები და ეს იქნება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილისტუმრებისა და მაცხოვრებლებისთვის. ტერიტორიაზე იქნება ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰილტონი", რომელთანაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ პროექტს. ასევე ბრენდული რეზიდენციები, "ვინდჰემის" რეზიდენციები და ამ ადგილას შეიქმნება თბილისის ისეთი უბანი, რომელიც ნებისმიერ ევროპის დედაქალაქს თუ დიდ ქალაქს დაამშვენებდა. რა თქმა უნდა, ძალიან ამბიციური პროექტია, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებას დიდი ინვესტიცია სჭირდება. ჩვენ საერთო ჯამში რომ დავთვალეთ, დაახლოებით ორი მილიარდი ლარის ინვესტიცია დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. შარშან გავაკეთეთ პირველი ეტაპის პრეზენტაცია, მაშინაც, რა თქმა უნდ,ა ამბიციური პროექტი იყო. თუმცა არ ჰქონდა რაღაცები და ამის შემდეგ ჩაერთნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები.
არქიტექტორების და ექსპერტების მსოფლიო თანავარსკვლავედი შევქმენით, მოვიწვიეთ - ყველა აღფრთოვანებული იყო ამ ადგილით და გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აგვეწია ამ ადგილის როლი. ამიტომ, ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვინარჩუნებთ ამ ტერიტორიას, ვაძლევთ განსაკუთრებულ ხარისხს და ამიტომ გავაკეთეთ ასეთი ამბიციური განაცხადი - რომ ეს არის თბილისის ახალი ცენტრი და ვამბობთ, რომ ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე ვაკე. ვაკელებს არ ეწყინებათ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ თანამედროვე ვაკე. მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც შარშან, როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავაანონსეთ 644-მა ადამიანმა იყიდა ბინა,
მადლობა ჩვენ "არქელებს", ინვესტორებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო მათ, რომ უძრავი ქონების ფასი უკვე ერთ წელიწადში სადღაც 26-28 პროცენტით არის გაზრდილი. ასევე ჩვენ 24 ოქტომბერს გვაქვს შემდეგი ეტაპის გაყიდვების პრეზენტაცია და დარწმუნებული ვარ, თუ შარშან 644-მა ადამიანმა იყიდა უძრავი ქონება, წელს ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება და ჩვენ ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტი ამონაგები ექნებათ და კიდევ უფრო კმაყოფილები იქნებიან ამ ფანტასტიურ და ძალიან მაგარ პროექტში უძრავი ქონების შეძენით,"- განაცხადა ილია წულაიამ.