08 ოქტომბერი 2026,   22:17
ვრცლად
მიზანია ერთადერთი რამ, "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზანი, ქვეყანაში ნებისმიერი გზით "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ხელისუფლებაში მოყვანაა

"მათი მიზანი არის ერთადერთი რამ, არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა და მოტრიალება. სწორედ აი ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას.

როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, ახლა ასე ცდილობენ, რომ ჩაერიონ, მათ შორის, სასამართლო პროცესებში.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დაყრდნობილი, ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა სტრასბურგში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", ასევე, ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.

კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ცარიელი დარბაზი, მუქარა, ისევ მოთხოვნა სააკაშვილის და იმ პატიმრების გათავისუფლების შესახებ, რომელთა დიდმა ნაწილმაც დანაშაული უკვე აღიარა და მოინანია. მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატების მორიგი დოკუმენტი ექსტრემიზმის წახალისებაა. მათივე თქმით, რიგით მეცხრე რეზოლუცია საქართველოზე თავდასხმის და შანტაჟის კიდევ ერთი მაგალითია.

დღის ამბები