თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარე მოწმეებს წარმოადგენს, რომლებიც ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები არიან.
"დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, კერძოდ, ესენი გახლავთ ნია იმნაძის მათემატიკის სხვა ჯგუფელები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში ნია იმნაძესთან ერთად. ასევე დასაკითხად წარმოდგენილნი იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანის მოსწავლეები იყვნენ. დაიკითხება საქმის ორი გამომძიებელი, რომლებიც თავიდან ამ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას მაშინ, როდესაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს ჰქონდა წარმოებაში.
ჯგუფის წევრები უშუალოდ თავდასხმასთან დაკავშირებით პირდაპირ ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მნიშვნელოვანია მათი ჩვენებები, იმიტომ რომ ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, თუ როგორი მასწავლებელი იყო გიგა ავალიანი, როგორი იყო ნია იმნაძესთან მასწავლებლის დამოკიდებულება, რომ ეს არ ცდებოდა კანონით დადგენილ და ასევე მორალით დადგენილ ჩარჩოებსა და ნორმებს," - აცხადებს პროკურორი.
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი სამართალდამცავებმა 5 აგვისტოს დააკავეს.