პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებსა და აქციის მონაწილეთა შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მათი კვლევებიც და განცხადებებიც აბსურდი და თაღლითობაა.
პაპუაშვილს ჰკითხეს თუ რას ფიქრობს, ეუთო-ში კამიტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებზე და კვლევაზე, რომლის ავტორებიც გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოთე და ლელა ცისკარიშვილი არიან.
"გარკვეული თანამედროვე ტრენდია, რომ აბსურდზე, ტყუილზე რაღაც სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ. საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ ეს თაღლითობა, კამიტის სახით, რომლის თავსმოხვევასაც შეეცადნენ, დიდი ხანია უკვე გამსკდარია და ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, შემოაბრუნონ ეს თემა კვლავ რაღაცნაირად განხილვაში, განწირული არის კრახისთვის. ვხედავთ ჩვენ საბოლოო ჯამში როგორ იქცევიან, ერთი და იგივე მეთოდი არის. კვლავ ხდება არასამთავრობოების, გარედან ფარულად დაფინანსებული არასამთავრობოების ხელით შექმნა რაღაც საინფორმაციო საბაბის, თითქოს რაღაც კვლევა არის ამასთან დაკავშირებით.
კითხვები რჩება ამ ენჯეოებთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ საია და ქალბატონი ბაია პატარაია რა თანხებით დადიან, ვინ აფინანსებს. ჩვენ არ გვინახავს გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა, ნიშნავს, რომ ეს არის შავი ფული, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, თუკი ისინი ამას საზოგადოებას და სახელმწიფოს არ უმხელენ.
ამიტომ, მე მგონი ესეც დასტური არის, რომ საქართველოში შავი ფულით ხდება სხვადასხვა, მათ შორის, ევროპული სტრუქტურებიდან ორგანიზაციების დაფინანსება. რაც შეეხება ამ ე.წ. კვლევებს, სასაცილოა უკვე. გუშინ ერთი ადამიანი აჩვენეს, რომელიც თითქოს ექსპერტად ჰყავდა წარმოდგენილი, რაღაც გაურკვეველი ადამიანი, რომლის მთავარი კომენტარი იყო იმაში, რომ რაღაც მძიმე შედეგები აქვთო აქციის ყოფილ მონაწილეებსო, თუმცა არ არსებობსო არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობა. თავადვე ერთ წუთიან კომენტარში თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი პრეზენტაციაც სცადეს, როგორც დამამტკიცებელი დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ, ეს არის ანტიქართული კამპანია, რომელიც დაფინანსებულია სრულად უცხოეთიდან, რომელიც დაკვეთილია სრულად უცხოეთიდან. ჩვენ ერთადერთი რამე გვჭირდება და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მედიას, რომ მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია საიას და ბაია პატარაიას, ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, თუ ვინ მტრობს საქართველოს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.