"ეს არის კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს.
პაპუაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა ვიდეომასალა და დაადგინა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მიერ ახლახან გამოქვეყნებული კადრები სწორედ ამ სიმართლის დადასტურებას ემსახურება.
"მთელი ეს კამპანია, რასაც ჩვენ ვხედავთ და აქაც იგივე სახეებია, იგივე ექსტრემისტული ჯგუფები, რომელსაც ვხედავთ ამ კამპანიის ავანგარდში, იგივე მსოფლიო პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი ონლაინ გამოცემები, რომლებიც სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არიან ხოლმე. იგივე მცდელობა არის, რომ აბსოლუტური აბსურდი წარმოაჩინონ რაღაც საკითხად და ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ.
ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ამ პატიმარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ იყო ძალადობა. ეს საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველის ოფისმა, ნახა ვიდეოჩანაწერები და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიება, დგინდება, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია შარშან დეკემბრიდან მოყოლებული.
ამის შემდეგ გაიმართა რამდენიმე პროცესი, სადაც ეს ადამიანი პროცესზე თავადაც იყო, არაფერი უთქვამს. ვხედავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არაფერი არ უთქვამს და რატომღაც ახლა, სულ ერთი კვირის წინ, წამოწიეს ეს საკითხი ხელახლა.
წამოწიეს მაშინ, როდესაც ის ვიდეოებიც თავის დროზე დაარქივებულია, ნანახია, ყველაფერი გარკვეული არის, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონდა [ადგილი]. წაუყენეს ბრალი პენიტენციურ სისტემას და პენიტენციურმა სისტემამ და იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი იმის დასადასტურებლად, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ აბსურდი - გვაჯერებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენებინა ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ძალადობა არის? - აი ეს ხომ არის აბსურდი.
როცა გვაქვს საქმე ჯგუფთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. თითქოს საღ აზრზე მყოფი ადამიანები დგანან და ზრდასრულ ადამიანებს უმტკიცებენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს მოძალადე აქციის დასაშლელად.
ეს იგივე ჯგუფია, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს და იგივე ჯგუფია, ვინც ამას იჯერებს. იგივე სექტა, რომელსაც აღარ აქვს უკვე საღი განსჯის უნარი, ვინაიდან არის ზიზღით შეპყრობილი, ოღონდ რაიმე წითელი ნაჭერი აუფრიალონ ზიზღის გადმოსაფრქვევად.
ეს ის ხალხია, რომელსაც აჯერებდნენ და რომელმაც დაიჯერა, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, კედელზე დახატული იყო ნიშნები, რომელსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა, დივერსანტები ხატავდნენ და რომ კატის ნახატები იყო, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცა კატებს ხატავდა.
ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ამბობდნენ, რომ 300 000 ადამიანი არჩევნებზე არსაიდან გაჩნდა და შემდეგ ისევ გაქრა და ამას იჯერებენ.
ეს იგივე ხალხია, ვინც კამიტის ისტორიას იგონებს და იჯერებს. ამიტომ ეს ხალხი, ეს სექტა, რომელიც სოცმედიაში არის, ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთს აგიჟებს, შემდეგ იჯერებენ ამას და თავადვე ბრაზდებიან. ამის გაგრძელებაც ხომ იცით, ბოლოს იჩხუბებენ ერთმანეთში და დაიშლებიან ასე.
ასე რომ, შარშან დეკემბრის ამბავი, რომელიც სახალხო დამცველმაც გადაამოწმა და არაფერი არ იყო, ახლა გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოები და ყველამ იფიქრა, რომ მორჩებოდა ამით ყველაფერი და არაო, ზუსტად მაგ ვიდეოზეა ძალადობაო, ანუ იუსტიციის სამინისტრო ჰგონიათ არაკომპეტენტური, აქვეყნებენ ვიდეოს იმის სამტკიცებლად, რომ ძალადობა არ არის და ამ ვიდეოზე ამბობენ, რომ ძალადობა არისო,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.