თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება, პროცესი გაიმართა.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხნენ ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ზურა სამხარაძე.
როგორც პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" წევრმა, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მან ადვოკატებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მიღებულ შედეგზე, კერძოდ, საქართველოს მიერ ვრცელ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვაზე. მისი თქმით, მთავარი კითხვაა, ეს შედეგი შეცდომამ გამოიწვია თუ გარედან იყო ნაკარნახევი.
"2003 წლიდან და მანამდეც, რაც ხდებოდა ქვეყანაში-მეთქი, ყოველთვის ანალიზი კეთდებოდა, რომ ეს იყო გარედან ნაკარნახევი - ტერიტორიების დაკარგვა და ახლაც ამასთან ხომ არ გაქვს საქმე, და მე პირდაპირ ვუთხარი ადვოკატებს, ჩემთვის პრობლემა კი არ არის ახლა აქ რასაც მეკითხებით, ეს კი არ არის პრობლემა... პრობლემა არის-მეთქი, რომ თქვენნაირი პოლიტიკოსები არიან დღეს მოსული პოლიტიკაში, რომელთაც ის კი არ აინტერესებთ, შედეგი რა დააყენა ამ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, არამედ აი, როგორც ნაძვის ხეზე ჩამოეკიდებით ამ კულტებს-მეთქი, სათამაშოებივით და აი, ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ვიღაცა პიროვნება. და არა ის, რა შედეგიც ამან დადო. რომ ამან დადო შედეგი, რომ ჩვენ კონტროლი დავკარგეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე და თქვენ ეს არ გაინტერესებთ-მეთქი, რომ ეს მოხდა შეცდომის საფუძველზე თუ ეს იყო გარედან ნაკარნახევი-მეთქი და ხმა ვერ გამცეს," - განაცხადა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" წევრმა, ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, როგორც იურისტმა, გელა ნიკოლეიშვილმა განმარტა, რომ გამოკითხვისას ჩორჩანას თემა მას შემდეგ წამოჭრა, რაც საკითხი საჯარო გახდა და ცნობილი გახდა შედეგი, რომლის მიხედვითაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაახლოებით 100 ჰექტარ მიწაზე დაკარგა კონტროლი.
"კითხვები ორივე მხრიდან იყო ის, რომ რატომ ჩავთვალეთ, მე რატომ ჩავთვალე გამოკითხვის დროს, რომ ჩორჩანას პრობლემა ვახსენე, რატომ ადრე არ ჩავთვალე. ვუპასუხე, რომ ჩავთვალე მაშინ, როდესაც გავიგე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა და როდესაც შედეგი მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 100 ჰექტარ მიწაზე კონტროლი დაკარგა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ," - განაცხადა იურისტმა, გელა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება "გახარია საქართველოსთვის" წევრების პოზიციას, ბერდია სიჭინავამ დაკითხული პირების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. მან განაცხადა, რომ აღნიშნულ პირებს არ ეჭირათ ისეთი სახელმწიფო თანამდებობები, რომლებიც ჩორჩანას საქმეზე შიდა თუ ოფიციალურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას მისცემდათ.
"ამ ადამიანების ინფორმაცია ვერ იქნება ვერანაირი სანდო ინფორმაციის მატარებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს არცერთი სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ და არ ეჭირათ არცერთი თანამდებობა, რაც ინფორმაციაზე წვდომას მისცემდა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.
გარდა ამისა, პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, სხდომაზე დაიკითხნენ, როგორც საქმის გამომძიებელი, რომელმაც გამოძიების დეტალები წარადგინა, ისე მოწმეები, რომლებიც საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობდნენ. პროკურორის თქმით, გამოძიება ჩატარდა სრულად და ობიექტურად, ხოლო ყველა მოწმის ჩვენება საბოლოოდ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში შეფასდება.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმეთა გარკვეული ბაზა, მათ შორის დაიკითხა საქმის გამომძიებელი, რომელმაც გამოძიების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ასევე, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც გარკვეულწილად საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მატარებლები იყვნენ.
რაც შეეხება აღნიშნულ მოწმეთა დაკითხვის მიზანშეწონილობას, მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოვა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მოწმეთა ბაზა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არის წარმოდგენილი, ზოგს გააჩნდა პირდაპირი ინფორმაცია, პირდაპირი მტკიცებულება და პროცესის მონაწილე იყო, მოწმეთა გარკვეულ ბაზას გააჩნდა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ლოგიკურია მათი ჩვენებები შეფასდება უკვე საბოლოოდ ბრალდების მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში," - აღნიშნა თამარ იაკობიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.