04 ოქტომბერი 2026,   05:40
ვრცლად
სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია, მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ - ვანის მუნიციპალიტეტის მერი

"არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი ვართ. სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია," - ამის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, "ქართული ოცნების" ვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა.

"მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მე მინდა მივულოცო ახალგაზრდა კაცს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობა და წარმატებები მინდა ვუსურვო," - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბანზე 679 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, კენჭისყრის პროცესი კი ელექტრონული წესით ჩატარდა. სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძოდნენ.

ელექტრონული დათვლით, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 387-მა ამომრჩეველმა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა, 57-მა არჩევანი "ძლიერი საქართველო-ლელოს" სასარგებლოდ გააკეთა, 3 ბიულეტენი გაბათილდა.

დღის ამბები