03 ოქტომბერი 2026,   19:45
ვრცლად
"წალკაში გახსნილია 4 საარჩევნო უბანი, აქედან 1 გახლავთ ტრადიციული, ხოლო 3 - ტექნოლოგიური საარჩევნო უბანი" - ცესკოს წარმომადგენელი

წალკაში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი: "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე.

წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.

წალკის №12 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა ვანაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 296 ამომრჩეველი.

"ჩავატარეთ ყველა საჭირო პროცედურა, 08:00 საათისთვის უკვე უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. კენჭისყრა გავხსენით, პირველი ამომრჩეველიც მივიღეთ. უბანზე რეგისტრირებულია 296 ამომრჩეველი. აქედან 3 გვყავს გადასატანი ყუთის ამომრჩეველი," - აღნიშნა წალკის №12 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა ვანაძემ.

როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, მაია ზარიძემ განაცხადა კენჭისყრის პროცესი საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს.

"წალკის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესი საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს. კომისიის წევრებს გავლილი აქვთ მრავალეტაპიანი ტრენინგები და, შესაბამისად, ისინი სრულ მზადყოფნაში და პროფესიონალურად ემსახურებიან საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს.

მნიშვნელოვანია, რომ წალკაში გახსნილი არის 4 საარჩევნო უბანი. აქედან 1 საარჩევნო უბანი გახლავთ ტრადიციული, ხოლო 3 - ტექნოლოგიური საარჩევნო უბანი. ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები გამართულად და შეფერხების გარეშე მუშაობს.

ასევე, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ, როგორც მოგეხსენებათ, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ საარჩევნო უბანში ბიულეტენები ხელით გადაითვლება და, შესაბამისად, ხელით გადათვლილი შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმებში," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, მაია ზარიძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

დღის ამბები