ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - სესია დღეს ტრადიციულად პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა. დარბაზში იყო კამათი და ისმოდა ურთიერთბრალდებები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში.
მმართველმა გუნდმა უპასუხა ოპონენტების განცხადებებს პარტიების აკრძალვის შესახებ, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელთან, განათლების რეფორმასთან და სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემებია. მისი თქმით, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში მოსწავლეებს სწავლისთვის შესაბამისი პირობები არ აქვთ და ნაწილი, განუსაზღვრელი ვადით, მეორე და მესამე ცვლაში სწავლას აგრძელებს.
"დღეს უმწვავესია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი. სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად ერთჯერადი ფორმები ჩააცვით. ამაში 45 მილიონზე მეტი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან. ამის შემდეგ კი ბავშვებს 3 დღეში წაართვით სივრცეები, სადაც უნდა ესწავლათ. ახლა ამ ბავშვებს ეუბნებით, რომ მათი სკოლების რეაბილიტაცია არარენტაბელურია და უშვებთ განუსაზღვრელი დროით მეორე და მესამე ცვლაში განათლების მისაღებად. ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, სასკოლო უფასო კვება - ეს სჭირდება დღეს ჩვენს მოსახლეობას“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი.