პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მთავარი აღმასრულებელი უწყებაა. მისი თქმით, სამსახურის 6 დეპარტამენტში 190-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამსახურის 150 თანამშრომელი უშუალოდ ინსპექტირებას ახორციელებს. ბექა ფერაძემ კომიტეტის წევრებს სამსახურის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
"შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით, 4312 ინსპექტირება განხორციელდა. ინსპექტირება 42 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, 25 ათასამდე მითითება გაიცა და 2400-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა", - აღნიშნა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.
მისი თქმით, 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინციდენტებისა და სამუშაო ობიექტებზე დასაქმებული პირების ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა. რაც შეეხება შრომით უფლებებზე განხორციელებულ ზედამხედველობის მიმართულებებს, როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში 35 ათასამდე დასაქმებული პირის ინსპექტირება განხორციელდა და 3658 მითითება გაიცა.
მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე შრომით ურთიერთობებში გამოვლენილ დისკრიმინაციულ მიდგომებზე, შრომითი მიგრაციის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამსახურის მანდატის ფარგლებში, აქტივობებზე ისაუბრა.
შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახურს შრომითი უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ინსპექტირების კუთხით, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რასაც წარმოდგენილი ანგარიშიც მოწმობს. მან სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.