26 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
მადლობას გიხდით, რომ ეს ადგილი საელჩოდ ან საკონსულოდ არ გადააქციეთ და მისგან ნამდვილად კულტურის ცენტრი შექმენით, სწორედ კულტურის საშუალებით იქნება საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში, როგორც მას ეკადრება - ლევილის მერი

მადლობას გიხდით, რომ ეს ადგილი საელჩოდ ან საკონსულოდ არ გადააქციეთ და მისგან ნამდვილად კულტურის ცენტრი შექმენით - ამის შესახებ, ლევილის მერმა, ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მერის განცხადებით, სწორედ კულტურის საშუალებით დაიბრუნებს საქართველო იმ კუთვნილ ადგილს, რომელიც მას ევროპაში უნდა ჰქონდეს.

"აქ, ლევილში, ქართველები ჩვენი მეგობრები არიან და ასეა უკვე 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ, რადგან ეს რესტავრაცია არაჩვეულებრივია.

ქართული კულტურა ლევილის მამულიდან უნდა გავრცელდეს. რა თქმა უნდა, არის ეს მუზეუმი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ეს კულტურული ცენტრი, მაგრამ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, და ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, არსებობს ასევე ლევილის კულტურული ცხოვრება. იმედი მაქვს, როგორც აქამდე, მომავალშიც შევძლებ ჩვენი სკოლების ბავშვების მიყვანას ლევილის ქართულ მამულში, რათა მათ ეს მდიდარი და საკმაოდ არაჩვეულებრივი კულტურა გავუზიაროთ. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებთ. ჩემთვის, როგორც ლევილის მერისთვის, მაგრამ ასევე ყველა იმ ლევილის არჩეული წარმომადგენლისთვის, რომლებიც დღეს აქ არიან, ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი აღმოჩენაა: ენა, ანბანი, მაგრამ ასევე კულტურა, სუფრის ხელოვნება, ქართული სიმღერა, ქართული ვაზი და ყველაფერი, რაც საბოლოოდ საქართველოს კულტურულ ტრადიციას ქმნის.

მადლობას გიხდით, რომ ეს ადგილი საელჩოდ ან საკონსულოდ არ გადააქციეთ და მისგან ნამდვილად კულტურის ცენტრი შექმენით, რადგან სწორედ კულტურის საშუალებით ესმით ერთმანეთის სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს, სწორედ კულტურის საშუალებით იქნება საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში, როგორც მას ეკადრება. დაიბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ევროპაში, ჩვენთან და ლევილში უნდა ჰქონდეს. ამიტომ მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, საბოლოოდ გავაგრძელოთ ეს უაღრესად ძლიერი მეგობრობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის და კიდევ უფრო მეტად, უაღრესად ძლიერი მეგობრობა ლევილის მცხოვრებლებსა და ქართველებს შორის,"- განაცხადა ლევილის მერმა. 

დღის ამბები