26 სექტემბერი 2026,   17:47
ვრცლად
კახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, - სანიოლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად, მადლობა!

თბილისის მერი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის მადლობას უხდის. კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანიოლიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა - ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.

საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!" - წერს კახა კალაძე.

დღის ამბები