აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა და შტატებს უფლება მისცა, შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა სიები ფედერალური მონაცემთა ბაზით გადაამოწმონ, - წერს მედია.
გამოცემის ცნობით, პროგრამა, რომელიც SAVE-ის (Systematic Alien Verification for Entitlements) სახელწოდებითაა ცნობილი, ოფიციალურ პირებს ეხმარება, ამომრჩეველთა სიაში არამოქალაქეები გამოავლინონ. თუმცა, აღნიშნული სისტემა მკაცრი კრიტიკის საგანია. კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ბაზა ხშირად ხარვეზებით მუშაობს და არსებობს რისკი, რომ საარჩევნო სიებიდან აშშ-ის კანონიერი მოქალაქეებიც შეცდომით ამოიშალონ.
ივნისში ქვედა ინსტანციის ფედერალურმა მოსამართლემ სისტემა უკანონოდ ცნო, თუმცა უზენაესი სასამართლოს კონსერვატიულმა უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფედერალურ მთავრობას აქვს ვალდებულება, უპასუხოს შტატების მოთხოვნებს მოქალაქეობის გადამოწმებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კანონმდებლობით, არჩევნებამდე 90 დღით ადრე ამომრჩეველთა სიების მასობრივი წმენდა ისედაც აკრძალულია. ეს ფაქტორი გარკვეულწილად ზღუდავს მყისიერ ეფექტს, თუმცა გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ მიღწევას წარმოადგენს.
"გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს ლიბერალმა მოსამართლეებმა" - კეტანჯი ბრაუნ ჯექსონის განცხადებით, იმ კანონიერი ამომრჩევლების უფლებების შეზღუდვის რისკი, რომლებიც შესაძლოა სისტემის შეცდომის მსხვერპლნი გახდნენ, აჭარბებს იმას, რაზეც მთავრობა აპელირებს.
მიმდინარე ეტაპზე ეს სისტემა აშშ-ის 27 შტატში აქტიურად გამოიყენება. ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ის აუცილებელია არჩევნების უსაფრთხოებისა და სიზუსტის დასაცავად.