25 სექტემბერი 2026,   15:18
ვრცლად
საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.

"ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები,  სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

 

დღის ამბები