25 სექტემბერი 2026,   01:09
ვრცლად
"კორძის" კონცერტი გაუქმდა - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკავშირმა, რადიკალიზაციის ნაცვლად, ურთიერთობების გადატვირთვასა და სამართლიან თანამშრომლობაზე უნდა იფიქროს

უკმაყოფილება უცხოელი დონორების მიმართ ალექსანდრე კორძაიამ მას შემდეგ გამოხატა, რაც მისი მონაწილეობით ფესტივალი გაუქმდა. "კამარა" 26 სექტემბერს გორში, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით უნდა გამართულიყო. "კორძი" იმ მუსიკის ავტორია, რომელმაც ქართველი ხალხის უმრავლესობა შეურაცხყო, სწორედ ამიტომ დაგეგმილ ფესტივალს საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონცერტი აღარ ჩატარდება. 

საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ არც ისაა ნორმალური, რითაც "კორძი" ბოლო პერიოდში დაკავდა, კერძოდ - ქართველი ხალხის გინება. კანონმდებლების განმარტებით, რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებული პირების დაფინანსება დღეს ევროკავშირის რეალურ მიზნებს ავლენს. პოლიტიკოსების განცხადებით, ბრიუსელი ადამიანებს ჯერ ექსტრემიზმისკენ უბიძგებს, ხოლო შემდეგ სრულიად მარტოს ტოვებს.

რატომ აფინანსებენ დიპლომატიური უწყებები სხვისი ღირსებისა და პატივის შეურაცხმყოფლებს, ხომ არ უწყობს ეს ხელს ქვეყანაში ვითარების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციის ზრდას? - ამ კითხვით, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და დანიის საელჩოს "რუსთავი 2"-მა ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. უპასუხოდ დარჩა სატელეფონო ზარებიც. თუმცა, მყისიერი რეაგირება ჰქონდა ბრიუსელის წარმომადგენლობას "კორძის" განცხადებაზე. ევროკავშირის საელჩო ამბობს, რომ, სიძულვილის ენის ავტორის დაფინანსებით, საქართველოში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხმარება.

ის, რასაც ევროკავშირი გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, ოფიციალური თბილისისთვის სიძულვილის ენის გაღვივებაა. საელჩოს გზავნილი დღეს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის ნარატივი დამცინავი და შეურაცხმყოფელია.

ქართველი ხალხის შეურაცხყოფას არ გმობს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ალექსანდრე კორძაიაზე ერთადერთ რამეს ამბობენ: "მის, ასე ვთქვათ, კონცერტებზე მოწვევას, ალბათ, ყველა ისურვებდა, ხო? ეს არის და ეს".

დიპლომატიური უწყების მხრიდან პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაავრცელა. ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა სურს, რის საპასუხოდაც, ბრიუსელიდან საპირისპირო ნაბიჯები იდგმება.

კონცერტის გაუქმებას მიესალმებიან, სიძულვილის ენის დაფინანსებას კი გმობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების განცხადებით, ევროკავშირმა, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ნაცვლად, ურთიერთობების გადატვირთვასა და სამართლიან თანამშრომლობაზე უნდა იფიქროს.

ღონისძიება გაუქმებულია. "კორძის" მონაწილეობით, ფესტივალი "კამარა" აღარ შედგება, თუმცა ევროკავშირის საელჩოსა და დანიის დიპლომატიურ უწყებასთან პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება.

დღის ამბები