24 სექტემბერი 2026,   16:35
ვრცლად
ლაშა ავალიანმა WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და წევრი ქვეყნებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა დაავადებების კონტროლისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გაძლიერებას, ასევე ტრანსსასაზღვრო დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების ჰარმონიზაციას. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე წვრილფეხა პირუტყვის ჭირისა და ცხვრისა და თხის ყვავილის წინააღმდეგ, განიხილეს დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, არსებული რისკები და საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების მიდგომები.

ევროპის რეგიონული კომისიის საქმიანობა მიზნად ისახავს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ვეტერინარული სამსახურების შესაძლებლობების განვითარებას და ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარიული რეგულაციების ჰარმონიზაციას. ამ მიმართულებით, რეგიონული კონფერენცია წარმოადგენს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო მიდგომების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ფორმატს.

ლაშა ავალიანი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს დელეგატს წარმოადგენს.

 

დღის ამბები