24 სექტემბერი 2026,   16:06
ვრცლად
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, OpenAI-ის აგენტმა სამთავრობო ვებსაიტი გატეხა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის განცხადებით, OpenAI-ის მიერ შემუშავებულმა ხელოვნური ინტელექტის აგენტმა ივნისში სამთავრობო ჯანდაცვის მონაცემთა პორტალი დაარღვია და ფაილებზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ენტონი ალბანეზმა აღნიშნა, რომ ეს, შესაძლოა, ეს იყოს პირველი გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის აგენტმა სამთავრობო ვებსაიტი ჰაკერული გზით გატეხა. ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ფარგლებს გარეთ AI აგენტებმა გარე სისტემებზე წვდომა მოიპოვეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, OpenAI-ის აგენტმა ავსტრალიის ეროვნული, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო სისტემის პორტალზე საჯარო სამედიცინო ხარჯების კვლევისას მიიღო უკანონო წვდომა.

"არსებული მტკიცებულებებით, ქსელის უფრო ფართო მასშტაბის დაზიანება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, ეს სიტუაცია აშკარად მიუღებელია", - განაცხადა ალბანეზმა.

მისივე თქმით, ავსტრალიამ უკვე გამოხატა „ექსტრემალური შეშფოთება ამ ინციდენტთან დაკავშირებით“ OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სემ ალტმანთან. ალბანეზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უკმაყოფილოა მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდების დაგვიანების გამო და დასძინა, რომ შეტყობინება მხოლოდ 10 სექტემბერს მიიღეს.

გამოძიება ასევე შეისწავლის, თუ რატომ ვერ შეძლო სამთავრობო სისტემებმა თავიდანვე აღმოეჩინათ ეს დარღვევა.

თავის მხრივ, კომპანია OpenAI-ის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ პაციენტების ჩანაწერებზე წვდომის არანაირი მტკიცებულება არ აჩვენა. კომპანიაში განმარტეს, რომ მათ დააფიქსირეს აქტივობა ავსტრალიის რამდენიმე სამთავრობო ვებსაიტსა და სერვისზე, როდესაც მათი მოდელები პასუხების მოძებნას ცდილობდნენ და „მოდელებმა ისეთი ქმედებები განახორციელეს, რაც არ იყო განზრახული“.

ავსტრალიის მთავრობამ უკვე შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი ინციდენტის გამოსაძიებლად და ქსელის არსებული უსაფრთხოების შესამოწმებლად.

დღის ამბები