24 სექტემბერი 2026,   14:37
ვრცლად
როცა ადამიანის სიცოცხლე უპირატესია - ჯანდაცვის სამინისტრომ ბიზნესის წარმომადგენლებს კონკრეტული მაგალითით აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო მოედნებზე უბედური შემთხვევების პრევენციის წესების დაცვა

ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულადაა გავრცელებული, ჩანს, თუ როგორ ვარდება მუშა სიმაღლიდან, თუმცა უსაფრთხოების წესების დაცვამ და დამცავი თოკის სწორად გამოყენებამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. 

სამშენებლო სფერო, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე სექტორად ითვლება. უკვე წლებია, სიმაღლეზე მუშაობას საქართველოში კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს. მთავრობის დადგენილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე შეაფასოს საფრთხეები, გაატაროს პრევენციული ზომები და დაიცვას დასაქმებულთა ჯანმრთელობა. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა.

სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ბათუმის შემდეგ, უკვე თბილისში გამართა.

გასულ წელს, თბილისსა და რეგიონებში, 4 ათასზე მეტი ინსპექტირება ჩატარდა. შემოწმდა 2 ათასზე მეტი ობიექტი. საზედამხედველო სამუშაოები 40 ათასზე მეტ დასაქმებულს შეეხო. წელს ასობით ობიექტზე უკვე 3 ათასზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა.

"შრომის უსაფრთხოების წესების უკან დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას" - ეს შრომის ინსპექციის მთავარი გზავნილია. უწყების ინფორმაციით, ორჯერ იმატა იმ კომპანიების რიცხვმა, რომლებმაც პირველადი ინსპექტირებისას გაცემული რეკომენდაციები სრულად შეასრულეს.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

 

დღის ამბები