24 სექტემბერი 2026,   07:50
ვრცლად
ევროპული ფული გადახდილია იმ მუსიკოსის სცენაზე გასვლისთვის, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა - სამი დღე უპასუხოდ დატოვებული კითხვებიდან

"თუ კითხვები გაქვთ, მაშინ სხვა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ" - ამ ფორმით აირიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა "კურიერის" კითხვა: რას ფიქრობს ძალადობრივი აქციების მხარდამჭერის დაფინანსებაზე? პაველ ჰერჩინსკიმ პასუხი გადაავადა. უპასუხოდ დარჩა ზარები საელჩოს პრესსამსახურსა და ცხელ ხაზზე, რის შემდეგაც განმარტების მისაღებად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისშიც მივედით.

"კურიერის" კითხვებზე არც დანიის საელჩოში გვიპასუხეს. გორში დაგეგმილი "კორძის" კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დანიის კულტურის ინსტიტუტია. საელჩოში კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს, თუმცა მათ ელექტრონული ფოსტით ჯერ კიდევ სამი დღის წინ მივმართეთ.

პოზიციის გასაგებად, გორის ხელოვნების სახლსაც დავუკავშირდით. მისაღებია თუ არა მათთვის კორძის მხრიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფა - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც მათ გაგვცეს.

ორგანიზატორებისა და დამფინანსებლების დუმილს მმართველი გუნდი ბრიუსელის რეალური მიზნების კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკავშირი, დიალოგის ნაცვლად, საზოგადოების დაყოფასა და პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.

"კორძის" მიერ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ამ დრომდე არ დაუგმია ოპოზიციას. "აი დარდი", - ასე უპასუხეს პარტია "ლელოში" კითხვას, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი "კორძის" სიტყვებს გამოხატვის თავისუფლებად აფასებენ.

ის, რასაც ქართველი ოპოზიციონერები თავისუფლებას უწოდებენ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. მმართველ გუნდს რჩება განცდა, რომ ეს კარგად იცის ევროკავშირის წარმომადგენლობამაც და ბრიუსელის მიდგომა საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ფესტივალი "თაკარა" გორში უნდა გამართულიყო. ღონისძიება გაუქმდა.

 

დღის ამბები