24 სექტემბერი 2026,   06:33
ვრცლად
ქვეყნის მიღწევები, გამოწვევები და რეგიონში არსებული ვითარება - ძირითად გზავნილებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გაეროს მთავარი ტრიბუნიდან 24 სექტემბერს გააცნობს

ქვეყნის მიღწევები, გამოწვევები და რეგიონში არსებული ვითარება - ძირითად გზავნილებს პრემიერ მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გაეროს მთავარი ტრიბუნიდან ხვალ გააცნობს.

ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. მანამდე კი გენერალური დებატების ფარგლებში გამართული მაღალი რანგის არაერთ შეხვედრაში მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა უკვე მიიღო. მათ შორისაა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართული ვახშამი და ის ღონისძიებები, რომელიც რეგიონს უკავშირდება.

მშვიდობას ეხებოდა მაღალი დონის პანელური დისკუსია, რომელიც ფინეთის ორგანიზებით გაიმართა. არაერთი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მასში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო. დახურული ფორმატის დისკუსიაში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებაზე, ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობასა და, საერთო გამოწვევების დასაძლევად, დიპლომატიური ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დღესვე, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ალენ ბერსესთან საუბრის დროს მხარეებმა მრავალწლიან თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის პრინციპების ერთგულება დაუდასტურა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციული დიალოგს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

საქართველო რომ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობის გზით მოგვარების ერთგულია, ამაზე ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ყირიმის და უკრაინის საკითხი მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის ერთი პუნქტი არაა.

პანელურ დისკუსიებში, სამიტებსა და სხვადასხვა პლატფორმებში მონაწილეობის პარალელურად, პრემიერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე ეუთო-ს თავმჯდომარეს და, ამავე დროს, შვეიცარიის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, იგნასიო კასისის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე. ითქვა ისიც, რომ საქართველო ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ რჩება.

ეუთოს თავმჯდომარის გარდა, ვიცე პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მსჯელობის თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრებს წარმატებულს უწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. დავით ბაქრაძის შეფასებით, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, ყველა პლატფორმასა და შეხვედრას აქტიურად იყენებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გახსნას პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. მანამდე კი მთავრობის მეთაურმა, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, ევროპული საბჭოსა და ექვსი თანაორგანიზატორი სახელმწიფოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართულებს სიტყვით მიმართა. შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც რეჯიფ ტაიფ ერდოღანთან საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაც და ნაურუს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.

წელს ნიუ-იორკში შეკრებილი ლიდერების მიზანია, კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე, საერთაშორისო დიპლომატიის როლი გამოკვეთონ.

დღის ამბები