22 სექტემბერი 2026,   18:59
ვრცლად
"როგორც ჩანს, ამით ცდილობენ, ცეცხლზე ნავთი დაასხან და კვლავაც ხელი შეუწყონ, საზოგადოებაში გაიზარდოს პოლარიზაციის ხარისხი" - თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ფესტივალზე

"რუსთავი 2" ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, რომელიც Kordz-ის კონცერტს უკავშირდება. შეკითხვაზე - იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების მხარდამჭერები იმ მუსიკოსთან თანამშრომლობაზე, რომელმაც მილიონზე მეტ ამომრჩეველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - "კურიერის" კითხვას ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებენ.

კონცერტი დაგეგმილია 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები კი არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა და დანიის კულტურის ინსტიტუტი. 

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება მმართველ გუნდში. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი რადიკალიზმის წახალისებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

"აქ ჩვენ ვხედავთ ერთგვარ ანარეკლს იმ ძველი ხაზის, ძველი პოლიტიკის გაგრძელებისა, რომელიც მაქსიმალურად, სამწუხაროდ, ცდილობდა საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებას და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის შუღლის ჩამოგდებას. თუ გავიხსენებთ შესაბამის აქტივობებს, ვნახავთ, რომ აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების პირდაპირ მძიმე შეურაცხყოფას და, რა თქმა უნდა, როდესაც ახლა კონკრეტული დიპლომატიური მისიები ახდენენ ერთგვარ წახალისებას ამ ე.წ. მუსიკოსისა, რა თქმა უნდა, ისინი ამით ცდილობენ, როგორც ჩანს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და კვლავაც ხელი შეუწყონ იმას, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს პოლარიზაციის ხარისხი", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.  

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები