საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი რამდენიმე საათში შეხვედრებს გამართავს პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
საუბრის თემა იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, უსამართლო დამოკიდებულება და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც გარე აქტორების და შიდა ჯგუფების მონაწილეობით ხორციელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში, არიან ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი. მათი განცხადებით, საქართველო კვლავ ღიაა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობისთვის.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, რომელიც ამ ეტაპისთვის გაყინულია.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიელ პარლამენტარებამდე იმიტომ, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების შესახებ, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ.
გვექნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი, ასევე გვექნება ევროკავშირის მიმართულებითაც, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბარი, ის მიზეზები, რომლის გამოც ეს ურთიერთობები დღეს გაყინულია და ნამდვილად არ არის საქართველოს ბრალი ეს ყველაფერი. მივიღებთ უახლეს ინფორმაციას ჩვენი კოლეგებისგან თუ რა ხდება ამ მიმართულებით, რა აზრზე არიან წევრი სახელმწიფოები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.