გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ყველა პროპაგანდისტის გასაგონად ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ, არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გია ბარამიძის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განცხადებები ერთიანი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გაწევრიანების იდეის დამკვიდრებაა.
პაპუაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ყარაბაღის შედარება მიანიშნებს გზავნილზე, რომ საქართველომ ტერიტორიული საკითხი ევროპული ინტეგრაციის სანაცვლოდ უნდა დათმოს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ღირებულება არ აქვს და მსგავსი კამპანია ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
"მე მგონი, უკვე აღარავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას და გვარამია ისევ იმეორებს კვლავ, რაც მანამდე თქვა. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდევაც, რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმა არის აფხაზეთი და ამით მან მიანიშნა, რომ თუ ჩამოიცილა სომხეთმა და ამით ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ტრავმები დავივიწყოთ, ჩამოვიცილოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო.
ეს არის კამპანიის ნაწილი: საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდან არის პირდაპირ ორკესტრირებული. ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური. ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო მისი შეფასებით ყარაბაღის, როგორც ტრავმის, დავიწყებამ და ჩამოცილებამ. ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. ამუშავდა პირდაპირი პროპაგანდა "საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე".
მე გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ყველა პროპაგანდისტის გასაგონად ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ, არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას და კიდევ ერთხელ, ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არა აქვს, რომ ქართველ ხალხში რამენაირად ფეხი მოიჭიროს და ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.