19 სექტემბერი 2026,   19:33
ვრცლად
ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას - მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დევნილთა განსახლების მიმართულებით მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე მსგავსი პროექტები არსებითად ცვლის იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს და სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის რეალური დადასტურებაა.

"აქ თქვენ ხედავთ დღეს 11 კორპუსს, რომელიც მოიცავს 2 426 სრულად გარემონტებულ ბინას. ხედავთ კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას, გამწვანებით, სტადიონებით, ბავშვთა სივრცეებით. სხვადასხვა მასშტაბის მსგავსი პროექტი ამჟამად ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს და შედეგად, ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას. ჯამში, თითქმის 300 მილიონი ლარის ღირებულების ეს პროექტები, თბილისის ამ, 280 მილიონი ლარის ღირებულების პროექტთან ერთად, პარალელურად მიმდინარე სხვა ისეთ პროექტებთან ერთად, რომელიც აქ იყო ნახსენები და ეს გახლავთ მაგალითისთვის "სოფლად სახლი", არსებითად შეცვლის დევნილი ოჯახების განსახლების მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ეს არის არა უბრალოდ ვალდებულების შესრულება, არამედ დევნილ მოსახლეობაზე ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილი ზრუნვის დადასტურება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ 7 კორპუსში 1600 დევნილი ოჯახი დასახლდება. პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.

დღის ამბები