ფონიჭალის დასახლებაში სამართალდამცველები გამთენიისას გამოჩნდნენ. მობილიზდნენ რამდენიმე მისამართზე და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს.
34 წლის მამაკაცის დედამ "კურიერთან" შვილის დაკავების დეტალები გაიხსენა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი საკუთარი ავტომობილით სახლთან ახლოს, ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის კოკაინს მალავდა.
ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელ სახლშიც, საიდანაც დიდი ოდენობით კოკაინია ამოღებული.
"კურიერის" ინფორმაციით, კოკაინის საქმეზე დაკავებულს ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს ფონიჭალაში, ამჯერად მტკვრის ქუჩაზე. ავტომობილის ერთ-ერთ სათავსოში პოლიციამ დაფასოებული მეთადონი ამოიღო. დაკავებულია 33 წლის მამაკაცი. ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დეტალების შესახებ დასახლებაში დღეს ყველა საუბრობდა.
თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი - ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა სულ 11 პირი აიყვანეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ოფიციალური ინფორმაციით, აღკვეთილია "კოკაინის", "ჰეროინის", "მეთადონის", "ალფა-პვპ-ს", "მარიხუანას" და მცენარე "კანაფის" გავრცელების ფაქტები. ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად პოლიციამ ის სქემაც გაშიფრა, რომლითაც დაკავებულები ნარკოტიკების გავრცელების მიზნით მოქმედებდნენ. ნაწილი მათგანი ე.წ. დადების მეთოდს იყენებდა და ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დროს ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები და კონკრეტული რაოდენობის თანხა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.