პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უპირისპირდება. ქადაგებაში ამბობს, რომ სასულიერო პირები დღეს სიმართლეს აღარ ლაპარაკობენ ხელისუფლებამ კი თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.
მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელიც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაერთხელ ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებასაც. მხარს უჭერდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიარქ ილია მეორეს უპირისპირდებოდნენ, მას თავადაც სურდა პატრიარქობა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ზღუდერის ეკლესიის განადგურებაა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მიუღებელია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. მისივე თქმით, ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო დაუსაბუთებელი ბრალდებები მიუღებელია.
"გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის.
მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთავარ ეროვნულ ღირებულებებთან გვქონდეს ერთიანობა, როგორც ეკლესიას, ასევე სახელმწიფოს და ჩვენ სწორედ ამ ერთიანობით ვართ ძლიერი, და ამ თანადგომით, აზრთა ერთიანობით, შევძელით ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა.
აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეკლესია არის დამოუკიდებელი, სახელმწიფო არის დამოუკიდებელი. კრიტიკაც გასაგებია, მაგრამ ბრალდებები, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები არის მიუღებელი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას", - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.