პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში წაგებული ან არასწორად წარმოებული საქმეების შეცვლა შეძლო და სტრასბურგისა და ჰააგის მიმართულებით წარმატებებს მიაღწია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ სამართლებრივად უნდა გააგრძელოს რუსეთისთვის საერთაშორისო ვალდებულებებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობის შეხსენება, რათა საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.
"გზა, რომელიც ჩვენ არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე, ერთი, რომ ჩვენ შემოვაბრუნეთ ფაქტობრივად წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისა, რომელმაც მტკიცებულებების არგამაგრებით და დამაგრებით, იმით, რომ არასწორად იქნა წარმოებული პროცესები. მათ შორის, ერთი პროცესი მათ წააგეს საერთაშორისო სასამართლოში, უფრო სწორად, არც კი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა და ამით შანსი დაგვიკარგეს ჩვენც, შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო საერთაშორისო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოსი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ და ეს შანსი "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა დააკარგვინა ამ ქვეყანას, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე.
და მეორე - ჰააგა და სტრასბურგი ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი "ნაცმოძრაობას". საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, "საია" მათ შორის, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივად და სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა რაღაც არგუმენტებს რუსეთს, "საია".
ეს ყველაფერი შემოაბრუნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად და არ დავავიწყოთ უპირველ ყოვლისა სამყაროს და შევახსენოთ რუსეთს, რომ არის შესასრულებელი შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.