18 სექტემბერი 2026,   00:04
ვრცლად
ამერიკა "ფარას" კანონს ამკაცრებს - ფიზიკური პირები, რომლებიც შტატების ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ, აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ

გაფრთხილება გაცემულია - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას "ფარას" კანონს ახსენებს. ფიზიკური პირები, რომლებიც შტატების ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ, აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. გამაფრთხილებელ წერილში წერია, რომ ყველა ვინც ამ კანონის გვერდის ავლას შეეცდება, კანონის წინაშე პასუხსაც აგებს. კიდევ უფრო მკაცრია მარკო რუბიო. სახელმწიფო მდივანი ღიად ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შტატების ეროვნული ინტერესების და საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ იმოქმედებს, ამერიკის ვიზასაც დაემშვიდობება. ამ ფონზე, კონგრესმენმა ანა პოლინა ლუნამ მოქმედი ფარას კანონის კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.

უცხოური გავლენებისგან, ამერიკის დაცვის მიზნით, შტატების გამკაცრებულ პოლიტიკას იწონებენ ოფიციალურ თბილისში. პრემიერ მინისტრის თქმით, მაშინ როცა საქართველომ ამერიკული ფარას ანალოგი აამოქმედა, ხელისუფლების მთავარი მიზანი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა იყო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რასაც წარსულში ოპოზიცია რუსულ კანონს უწოდებდა, დღეს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი აღმოჩნდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოქმედი "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგია, ოპოზიციაში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის რუსულია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამერიკაში ფარას კანონი დემოკრატიულ პრინციპებს ემსახურება, ანალოგიური კანონი საქართველოში კი ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალდებულებაა ქვეყანა უცხოური გავლენებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან დაიცვას - ასე ფიქრობენ მმართველ პარტიაში და ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, მაშინ როცა ეს კანონი აამოქმედა. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს უახლესი წარსული, მათ შორის 2023 წელი, ოპოზიციის, მათი მხარდამჭერებისა და ენჯეოების მიერ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები და ამ დრომდე რევოლუციის 5 უშედეგო მცდელობა გაიხსენეს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ეს დესტრუქციული პროცესები გარედან ფინანსდებოდა ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობის მიზნით.

ამერიკული ფარას ქართულ ვერსია საქართველოში 2025 წლის 31 მაისიდან მოქმედებს. ამ კანონის მთავარი მიზანი, მმართველი გუნდის თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის მცდელობები მაქსიმალურად აღკვეთაა.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები